აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის მწვავე განცხადებები – შეჩერდება თუ არა ამერიკის ფინანსური დახარებები | 19.06.2024

საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, შტატების სანქციების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდა, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობა. – ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გუშინ ისაუბრა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან მკაფიო იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო მდივანი გადახედავდა ურთიერთობებს საქართველოსთან. შეკითხვაზე, რა იგულისხმება ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაში და შეჩერდება თუ არა ფინანსური დახმარებები ან შეწყდება თუ არა სამხედრო თანამშრომლობა, რობინ დანიგანი პასუხობს, რომ აშშ-ის არ სურს ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა „ძალიან რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება ყველა ამ მიმართულებით, თუ ხელისუფლება მტრად განგიხილავს.

ელჩის თქმით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკაა დასავლეთის წინააღმდეგ.

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” ასევე გამოეხმაურა ანაკლიის პორტის პროექტზე ჩინურ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებას და თქვა, რომ კომპანიის თანამფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც ამჟამად რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელია. ელჩი სვამს კითხვას თუ რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც ოკუპანტს აფინანსებს?!