საქართველოს ნაკრების პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე – როგორ ემზადებოდნენ მატჩისთვის ქომაგები | 18.06.2024

ისტორიული მატჩი დორტმუნდში — საქართველო დიდი გამარჯვების მოლოდინშია!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პირველი მატჩი თურქეთის გამარჯვებით დასრულდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 32-ე წუთზე გაიტანა და ტაბლოზე საქართველო – თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა 1:3 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო შეხვედრა ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყო. ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ქართველების მეტოქე თურქეთის გუნდი იყო. სოციალურ ქსელებში გავრცელდა გერმანიაში ჩასული ქართველების ვიდეოები, რომლებზეც ჩანს თუ როგორ გულშემატკივრობდნენ ქომაგები ეროვნულ ნაკრებს.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში იმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყო. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, 26 ივნისს კი პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური 2024 წლის 26 მარტს მოიპოვეს, მას შემდეგ, რაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს. გადამწყვეტი მატჩი, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა. თამაშის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი კი საბოლოოდ პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.