თბილისის ათობით ათასი მცხოვრები წყალს გრაფიკით მიიღებს – წყლის მიწოდება ერთი კვირის ვადაში აღდგება | 18.06.2024

თბილისში 63 ათასზე მეტ ოჯახს წყლის მიწოდება ერთი კვირის ვადაში აღუდგება – ამ ინფორმაციას დედაქალაქის მერიაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ავრცელებს. მანამდე თბილისის ათობით ათასი მცხოვრები წყალს გრაფიკით მიიღებს – აბონენტების ნაწილს წყალი სამიდან შვიდ საათამდე დროის ინტერვალით მიეწოდება.

GWP-ის ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე ექნებათ კონკრეტული ინფორმაცია, როდის დასრულდება სამუშაოები მაგისტრალური მილსადენის სრულად აღსადგენად. კომპანიაში განმარტავენ რომ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები გუშინ, ღამის 23:00 საათზე დაიწყო. როგორც კომპანიაში ამბობენ სამუშაოები 24 საათიან უწყეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე ამ ეტაპზე 6 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

16 ივნისს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. ამ მიზეზით წყლის მიწოდება 100 000 – მეტ ოჯახს შეუწყდა. მათგან 63 ათასზე მეტ აბონენტს დაზიანების საბოლოო აღმოფხვრამდე წყალს შეზღუდული დროით მიაწვდიან.

როგორც წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს. არსებობს მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხეც.