ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების, ასევე ქალაქ მცხეთის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. საუბარია 100 ათას მომხმარებელზე. მიზეზი მაგისტრალური წყალსადენია, რომლის დაზიანებული მონაკვეთი მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლის, გიგა ნადირაძის თქმით, პარალელური ქსელის მოწყობის ნაცვლად, GWP-მ გადაწყვიტა ტერიტორიაზე გრუნტის მოხსნა და ტერასების მოწყობა, რაც მისი განცხადებით, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, უფრო მალე აღადგინონ დაზიანება. მანამდე კომპანია წერდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება გამოიწვია. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაურში“ აცხადებენ, რომ საუბარია წყლის მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7-საათიან მიწოდებაზე დღის განმავლობაში. გიგა ნადირაძის თქმით, სამუშაოები ხვალვე დაიწყება, თუმცა წყლის სრულად მიწოდების აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.