რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. პოლიტიკური პარტიები ადასტურებენ, რომ კონსულტაციები უკვე დაწყებულია. „ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად შინაარსზე ორიენტირებული გაერთიანებების შემქნაა საჭირო. პარტიის პოზიცია საზოგადოებას დღეს ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა გააცნეს. მათი თქმით, „ევროპული საქართველო“ საარჩევნო დემოკრატიული ცენტრის შექმნის მიზნით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. პოლიტიკური ცენტრის მიზანი იქნება, დაამარცხოს რუსული რეჟიმი და ის დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლოს. მათი შეფასებით, რეჟიმის ალტერნატივა ვერ იქნება დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“.
„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელში“ დიდი გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, 26 ოქტომბერს ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება, რის გამოც პოლიტიკურმა ძალებმა ვიწროპარტიული ინტერესები დროებით უნდა დაივიწყონ.
პოლიტიკურ კონსულტაციებს არ გამორიცხავენ პარტია „ახალში“. ნიკა გვარამიას თქმით, პარტია შესაძლო კონფიგურაციების შესახებ გადაწყვეტილებას ამომჩევლებთან შეხვედრების შემდეგ მიიღებს.
პოლიტიკური პარტიების ნაწილთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრობენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდშიც. „საქართველოსთვის“ წევრები არ მალავენ, რომ იდეოლოგიურად მათთან ყველაზე ახლოს პარტია „ლელო“ დგას.
26 ოქტრომბრის არჩევნებში ივანიშვილის პარტიის წევრები ოპოზიციას მარცხს უწინასწარმეტყველებენ და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უცხოელ აგენტებს უწოდებენ.
რამდენი ოპოზიციური ცენტრი დაუპირისპირდება 26 ოქტომბერს ოლიგარქ ივანიშვილის პარტიას, ეს კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი ცნობილია, „ქართული ოცნების“ სურვილის შესახებ, რაც საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გულისხმობს.