21 დაღუპული ,2 უგზო-უკვლოდ დაიკარგული და ათასობით დაზარალებული, 13 ივნისის ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მომხდარმა სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა გააანადგურა. დაიტბორა ,,მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები.
13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა.
13 ივნისის სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. გმირთა მოედანზე კი ბეჰემოთი ბეგი, დასეირნობდა, რომელიც ამ დღის სიმბოლოდ იქცა.
ადიდებულმა მდინარე ვერემ ათასობით ახალგაზრდა გააერთიანა. 13 ივნისს მოსახლეობამ ერთმანეთს თანადგომა გამოუცხადა და ქალაქის დასახმარებლად გარეთ გამოვიდა. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების ერთად დგომის უპრეცედენტო მაგალითი. ახალგაზრდების ჯგუფი გამწმენდ სამუშაოებში ჩაერთო. მოქალაქეები ეხმარებოდნენ დაზარალებულებს, აგროვებდნენ პროდუქტს, ტანსაცმელს და პირველადი საჭიროების ნივთებს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ’’ 2015 წლის 13-14 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში დაღუპული დავით გაბიტაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. დავით გაბიტაშვილი 2015 წლის 13 ივნისს,თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სტიქიის შედეგად გარდაიცვალა. განცხადებაში ნათქვამია,რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს საქართველოს კანონმდებლობით ევალებოდათ ეფექტიანი და დროული ნაბიჯების გადადგმა, მათი მხრიდან ვალდებულებების უგულვებელყოფამ და კოორდინაციის არარსებობამ დავით გაბიტაშვილის გარდაცვალება გამოიწვია.
“ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, დავით გაბიტაშვილის გარდაცვალების მიზეზად მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გზების არგადაკეტვა დასახელდა, რაც საკითხის არასრულყოფილ და არასათანადო შესწავლას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 13 ივნისის განვითარებული მოვლენებიდან 9 წლის შემდეგ, გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგისთვის დღემდე არ მიუღწევია, რაც მის არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. გარდაცვლილი დავით გაბიტაშვილის ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვინაიდან ეროვნულ დონეზე არასათანადოდ შეფასდა 2015 წლის 13-14 ივნისის მოვლენები და არ დადგინდა ყველა უწყების პასუხისმგებლობა, ხოლო გამოძიება დღემდე არაეფექტიანად მიმდინარეობს, საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა. ეს შემთხვევა წარმოადგენს იმის ნათელ მაგალითს, თუ როგორი დაუცველები რჩებიან ადამიანები სტიქიური მოვლენების პირისპირ, რასაც სახელმწიფოს მხრიდან გააზრებული, სისტემური ღონისძიებებისა და რეფორმების გაუტარებლობა განაპირობებს”, – საია მიმართავა სტრასბურგს.
საია ასევე აღსანიშნავს , რომ 2015 წლის 13 ივნისიდან დღემდე ქვეყანას არ გააჩნია სათანადო მექანიზმები სტიქიასთან საბრძოლველად, მათი თქმით ამის ნათელი დადასტურება 2023 წლის ზაფხულში რაჭასა და გურიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებია.