უკრაინაში მებრძოლი ქართველის, არჩილ ხოფერიას ინფორმაციით ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი მოწამლეს. მისი თქმით, მამულაშვილი ცოცხალია და განაგრძობს ბრძოლას ქვეყნის მომავლისთვის. საქმით უკვე დაინტერესდნენ უკრაინის საგამოძიებო უწყებები.
გერმანიაში მომზადებულ ლაბორატორიულ დასკვნაში წერია, რომ მამუკა მამულაშვილის სისხლში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მომწამლავი ნივთიერებები აღმოჩნდა. კერძოდ – ტყვია, დარიშხანი და ვერცხლისწყალი. პირველი კომენტარი უკვე გააკეთა ქართული ლეგიონის მეთაურმა. „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ის ქართული სპეცსამსახურების შესაძლო კვალზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი რუსეთის დავალებებს ასრულებენ.
“როგორც ექიმები იძახიან, ეს მოხდა საკვების მიღებით. მოგზავნილი იყო ვინც მუშაობს ქართულ სპეცსამსახურებზე, ტირე, რუსულ სპეცსამსახურებზე იმიტომ, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ჩვენდა სამწუხაროდ, არის რუსული მთავრობის წარმომადგენელი და ასეთი პირები ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფებიან”, – ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი.
რუსეთს უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო, ამ დროისთვის, დაუსწრებლად დამნაშავედ ჰყავს ცნობილი ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი. მათ შორის არის, ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.