რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც 13 მაისს სამართალდამცავები სასტიკად გაუსწორდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ბრალდებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, თუმცა მას სიტყვიერი შენიშვნა მისცა. გურამ ადამიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. ადამიას გაცხადებით, გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშეა მიღებული, რადგან შსს მიერ წარდგენილ კადრებში თავად არ ჩანდა. ნაწილში კი ასახულია დაკავება, სადაც მასზე ფიზიკურად ძალადობენ.
IT სპეციალისტი გურამ ადამია პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საპროტესტო აქციაზე 13 მაისს დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზიანებების სიმძიმის გამო, ადამია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. იმავე საღამოს, სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს გურამ ადამია, რომელსაც საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეობა აქვს, საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა. სოხუმიდან დევნილ ადამიას მოლდოველი დედა ჰყავს, ის 2011 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.