იქნება თუ არა ზურაბიშვილი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი — პრეზიდენტის გზავნილის შეფასებები | 12.06.2024

დაასახელებს თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტობის საერთო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტმა პოსტზე მეორე ვადით არჩევის სურვილი უკვე გამოთქვა. ამის შესახებ მან გუშინ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ისაუბრა. საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის შესახებ დასმული კითხვის პასუხად, ზურაბიშვილმა თქვა, რომ კონსესუსის არსებობის შემთხვევაში, ეს შესაძლებელია.

დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს ზურაბიშვილის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას ოქტომბრის არჩევნებში „ოცნების“ დამარცხების შემდეგ. ოპოზიციის ნაწილი ღიად ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა მისაღებია. მათი თქმით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მათ შორის, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება, ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს იცავს.

„ქართულ ოცნებაში“ კი პრეზიდენტს ისევ თავს ესხმიან. ივანიშვილის პარტიის წევრები ამბობენ, რომ ზურაბიშვილს ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“ ერთად ხელისუფლებაში მოსვლა ახალგაზრდების ხარჯზე სურს. „ოცნების“ დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მათი საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი იყოს.

საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს პირდაპირი წესით აღარ აირჩევენ. მას 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში 300 წევრი შედის. მათ შორის არიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები ასახელებენ.

საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, ახალ პრეზიდენტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 300 ხმოსანი აირჩევს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც აიღებს. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს და არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.