პრემიერი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. კონფერენცია 11-12 ივნისს ბერლინში გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.
კონკერენცია ფოკუსირებული იქნება ოთხ თემატურ მიმართულებაზე: კერძო სექტორის მობილიზება აღდგენისა და ეკონომიკური ზრდისთვის; სოციალური აღდგენა და ადამიანური კაპიტალი უკრაინის მომავლისთვის; მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების აღდგენა; ევროკავშირში გაწევრიანება და მასთან დაკავშირებული რეფორმები.
მაღალი დონის პოლიტიკურ ღონისძიებაში, რომელსაც პირველად მასპინძლობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ირაკლი კობახიძე ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.