კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ამერიკული სანქციები მისთვის ღიმილისმომგვრელია. არადა, 3 ივნისს დედაქალაქის მერი დარწმუნებული იყო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი „ოცნების“ წევრებს არანაირ შეზღუდვას არ დაუწესებდა. სანქციების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ კალაძე ამბობს, რომ საქმე სანერვიულოდ არ აქვს, რადგან ამერიკაში უკვე წლებია არ ყოფილა და არც წასვლის სურვილი აქვს.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები კალაძის პოზიციას იზიარებენ და ამბობენ, რომ ამერიკაში წასვლას ისედაც არ გეგმავდნენ. თუმცა, მათი ნაწილი აცხადებს, რომ ამერიკაში შესაძლოა იმის დასადგენად წავიდნენ, არიან თუ არა სანქცირებულ პირთა შორის.
ვინ მოხვდა ამერიკული სანქციების პირველ ტრანშში — ეს კითხვა აწუხებს უმრავლესობის კიდევ ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს. სანქცირებული პარტიის დეპუტატს აინტერესებს, რატომ არ აქვთ უფლება იცოდნენ, კონკრეტულად ვის დაუწესეს სავიზო შეზღუდვები რუსული კანონის მხარდაჭერის გამო. სანქციების პირველი ნაწილის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში მდინარაძის გარდა, „ოცნების“ სხვა დეპუტატებიც აქტიურობენ.
“მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ამბავს. მაგალითად, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ბოლო-ბოლო, ვართ თუ არა პირველი კანონმდებლები მსოფლიოში, რომლებიც დაასანქცირეს კანონის მიღების გამო! ასევე, ქართულ ოპოზიცია-აგენტურას უფლება აქვს უფრო კონკრეტული ამბებით გაიხაროს და არა მეათედ გამოცხადებული ზოგადი მინიშნებებით. არაადამიანური მოპყრობაა, როდესაც აიძულებენ აგერ უკვე მერამდენედ გამოხატონ აღტაცება ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე. ეს კიდევ უარესია, ვიდრე სიტყვა “რუსულის” ძახება შინაარსში შესვლის აკრძალვით. მათ ასეთი მოპყრობა არ დაუმსახურებიათ!” – წერს მამუკა მდინარაძე აშშ-ის სანქციებზე.
“სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია. თუმცა, ამ ყველაფერში რაიმე “პოზიტიური” თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე, ხოლი ვის და რატომ ჭირდება ქართველი ხალხის მიერ უარყოფილი ოპოზიციის გაცოცხლება , ამ კითხვაზე პასუხი, მგონი, უკრაინაის ომის შემდეგ ნათელი გახდა.. მეამაყება რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას!” – წერს ნინო წილოსანი აშშ-ის სანქციებზე.
ამერიკის შეერთებული შტატები „ოცნების“ ლიდერებს აფრთხილებდა, რომ რეპრესიულ კანონზე ხმის მიცემას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვებოდა. რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცებიდან 10 დღისთავზე კი პარტნიორმა ქვეყანამ დანაპირების შესრულება დაიწყო და ამერიკული სანქციების პირველი ნაწილი ოფიციალურად გამოაცხადა.