ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის ევროკაშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსპიკერი ანა პიზონერო ავრცელებს.
როგორც ევროკომისიის პრესმდივანმა განაცხადა, კიევმა შეასრულა აუცილებელი კრიტერიუმები ანტიკორუფციის, პოლიტიკურ ლობირებაზე კონტროლის, თანამდებობის პირების გამჭვირვალობის და ეროვნული უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფის სფეროში, რაც რეკომენდებული იყო ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების ანგარიშით. ახლა გადაწყვეტილება უკვე წევრი ქვეყნების ხელშია.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას გასული წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი. მიმდინარე წლის მარტში ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები მოამზადა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი და უკრაინა იმედოვნებენ, რომ ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ივნისის ბოლომდე. რადგან ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთს უწევს, ცნობილია რომ 29 მაისს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე უნგრეთმა დაბლოკა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროექტის დამტკიცება.
2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.