აშშ-ის მიერ სანქციების პირველი ეტაპის ოფიციალურად გამოცხადებას საგანგებო ბრიფინგებით ეხმაურებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. „ლელოს“ ლიდერების თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირების შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გაუჭირდება იმ დახმარების გაწევა, რომელსაც იმსახურებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხედავენ, სადაც ქართველმა ხალხმა ივანიშვილის „ოცნებას“ პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს.
სავიზო აკრძალვების ოფიციალურად გამოცხადებას ბრიფინგით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ რუსული ნაბიჯების გამო საქართველო ერთადერთი ქვეყანა გახდა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ქვეყანაც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ბრალდებით დაასანქცირეს.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილს ცივილიზებულ სამყაროში პარტნიორი აღარ დარჩა. მათი თქმით, სანქცირებული ხელისუფლება ქვეყანას ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანს, ამიტომ „ოცნება“ სახლში უნდა წავიდეს.
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ „ქართული ოცნების“ რუსული ნაბიჯების გამო ამერიკის შეერთებული შტატები მხოლოდ სავიზო შეზღუდვებით არ შემოიფარგლება და რუსული კანონის ავტორებს უფრო მკაცრ სანქციებსაც დაუწესებენ.