ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის – სენატორი ჯინ შაჰინი სანქციებზე | 07.06.2024

სენატორი ჯინ შაჰინი მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების დაწესებას საქართველოს იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დემოკრატი სენატორი აცხადებს, რომ კონგრესში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი, „ქართველი ხალხის აქტი“ ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის.

“მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ნაბიჯს, დააწესოს სავიზო შეზღუდვები მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიის შელახვასა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს მუდმივს გახდის, რაც ცხადყოფს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მოკლევადიანი შედეგი”, – სენატორი ჯინ შაჰინი სანქციებზე.

ამერიკული სავიზო აკრძაკლვის პარალელურად ლატვიის პრეზიდენტი ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე  ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა მწვავე კრიტიკა გამოხატა ევროკავშირის პოლიტიკის გამო საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის მიმართ და ხაზი გაუსვა მკაფიო და ძლიერი გზავნილების აუცილებლობას ამ რეგიონში. რინკევიჩმა თქვა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება არასაკმარისი იყო.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით საქართველოში შექმნილი ვითარება მოითხოვს ევროკავშირის სწრაფ და მკაცრ მოქმედებას. მან ასევე შეშფოთება გამოხატა საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის გამო. მისი თქმით ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მის ძალისხმევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

რინკევიჩმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა სიტუაცია არ გაუარესდეს.