სანქციების პირველი ტრანში ოფიციალურად ამოქმედდა | 07.06.2024

სანქციების პირველი ტრანში ოფიციალურად ამოქმედდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინდივიდუალურ სანქციებს, სავიზო აკრძალვებს უწესებს “ქართული ოცნების” წევრებს,  პარლამენტარებს ასევე სამართალდამცავებს და სხვა კერძო პირებს.  სავიზო სანქციები უწესდებათ რეპრესიული კანონის ავტორების  ოჯახის წევრებსაც. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 6 ივნისის ბრიფინგი საქართველოს საკითხზე განცხადებით დაიწყო და განაცხადა რომ  საუბარია დაახლოებით 20-30 ადამიანზე.

მილერის თქმით, შეზღუდვები უწესდებათ მათ, ვინც საქართველოში ჩართული არიან დეზინფორმაციის გავრცელებაში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ძალადობაში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების კამპანიაში.

მეთიუ მილერის განცხადებით, ეს არის პირველი ტრანში და მას სხვებიც მოჰყვება, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს კურსს, რომელიც თბილისს ევროატლანტიკური სივრცისაგან აშორებს.

მეთიუ მილერმა განმარტა, რომ კანონი უკრძალავს დაასახელოს კონკრეტული პირები, ისინი, ვისაც სავიზო აკრძალვა შეეხო.

საერთაშორისო მოწოდებებისა და მასშტაბური პროტესტის ფონზე   28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული “რუსული კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა.

„არა რუსულ კანონს!“ – თითქმის ორი თვის განმავლობაში  ამ ლოზუნგით აპროტესტებდა კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი კვლავ გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ რუსულ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.