„ოცნებას“ რუსეთიდან ისევ აქებენ – ივანიშვილია პარტიას ამჯერად კრემლის იდეოლოგი დუგინი ასხამს ხოტბას | 06.06.2024

„ქართულ ოცნებას“ რუსეთიდან ისევ აქებენ. ივანიშვილის პარტიის მხარდამჭერი განცხადება, ამჯერად, კრემლის იდეოლოგმა ალექსდრ დუგინმა გააკეთა. რუსი პროპაგანდისტი საკუთარ ტელეგრამარხზე ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ „ოცნების“ მიერ ინიცირებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს გამოექომაგა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტს თანმიმდევრულად იცავს. მისივე თქმით, ახლა საქართველოზე დასავლეთიდან ზეწოლა ხორციელდება და ამ ფონზე ქვეყანას რუსეთის მსგავსი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა სჭირდება. დუგინი წერს, რომ ამ მიმართულებით რუსეთთან აქტიური ურთიერთობა უკვე მიმდინარეობს.

“პარტია „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად ატლანტიკოსების მცდელობისა, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში და მოახდინოს ხელისუფლებაზე ზეწოლა. საქართველო, სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებთანაც ის ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ესმის, თუ რა მოჰყვება ჰეგემონის წესების უდავო მორჩილებას: სუბიექტურობის დაკარგვა და სრული პოლიტიკური დამოკიდებულება აშშ-სა და ევროპაზე. შესაძლოა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღები გაძლიერდეს და დასავლეთისთვის ეს კიდევ ერთი მიზეზი გახდეს საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციისთვის, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობა აქტიურად მიმდინარეობს და სადაც იზიარებენ ქართველი ხალხის პოზიციას ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ”, – კრემლის იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი.