რუსული კანონის საპასუხო ზომების ვარიანტების დოკუმენტს ლუქსებურგში 24 ივნისს განიხილავენ. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები ახლა საპასუხო ნაბიჯების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის, საუბარია უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე. პაველ ჰერჩინსკი ასევე ამბობს, რომ პარტნიორებმა შესაძლოა მთავრობისთვის განსაზღვრული დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადაამისამართონ.
“მე თუ მკითხავთ, ზოგიერთი დაფინანსება შეიძლება დაიკარგოს, სხვები შეიძლება გადამისამართდეს ან შეჩერდეს – კი, არის ზომები, რომლებსაც “[სანქციების] ვარიანტების საბუთი” მოიცავს და 27 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს ამას. რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირდება, პირიქით, ამ კანონზე საპასუხოდ, ჩემი ვარაუდია, რომ ზოგიერთი დაფინანსება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვაწვდიდით, შეიძლება გადავამისამართოთ სწორედ იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა გავზარდოთ, რომლებიც ნამდვილად უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან. ჩვენდა სამწუხაროდ, კანონი საბოლოოდ ამოქმედებულ იქნა. ჩვენ 27 წევრ სახელმწიფოს შორის შიდა განხილვა დავიწყეთ შედეგებზე. წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვეს, სხვადასხვა ზომების “მენიუ” მოამზადონ, რომლებიც როგორც შედეგები შეიძლება იქნას წარდგენილი. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტისგან ურსულა ფონ დერ ლაიენისგან გაიგეთ, ყველა ვარიანტი განიხილება. ყველა ვარიანტი ზუსტადაც ყველა ვარიანტს ნიშნავს. წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ. იმედი მაქვს, რომ 24 ივნისს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გამართავენ შეხვედრას ლუქსემბურგში, ისინი გადაწყვეტილების მიღების პოზიციაში იქნებიან თუ რა ვარიანტები მიიღონ. ჩვენი მხრივ, თუ რისი მიღწევა გვსურს, ნამდვილად არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დავსაჯოთ. ასე რომ, ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ისეთ პოზიციაში არ ვარ, რომ გითხრათ ეს მოხდება თუ არა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ამ მომენტში ევროკავშირის ინსტიტუტები “ვარიანტების დოკუმენტზე“ მუშაობენ, რომელშიც სხვადასხვა ზომაა აღნიშნული, რომელიც შეიძლება პოტენციურად იქნას მიღებული, როგორც “უცხოური გავლენის” კანონზე პასუხი. დოკუმენტი მალე იქნება, გაუზიარდება წევრ სახელმწიფოებს, წევრი სახელმწიფოები შეხვედრას გამართავენ 24 ივნისს ლუქსემბურგში. უკვე შეთანხმდა, რომ საქართველო განხილულ იქნება, წევრი სახელმწიფოები საკუთარ მოსაზრებებს გააჟღერებენ “ვარიანტების დოკუმენტიდან“ სხვადასხვა ზომებზე.ზოგიერთი ზომა შესაძლოა თავად ევროკავშირის ინსტიტუტებმა მიიღონ, სხვა ზომებს წევრი სახელმწიფოების თანხმობა სჭირდება – ზოგიერთ ამ ზომას წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა სჭირდება, დანარჩენებს სრული კონსენსუსი – რომ ყველა წევრი სახელმწიფო ეთანხმებოდეს. ვნახავთ, თუ როგორი დისკუსია იქნება 24 ივნისს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაუყოვნებლივ იქნება გამოცხადებული შეხვედრის შემდეგ უმაღლესი წარმომადგენლის [ჟოზეფ ბორელის] მიერ”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.