ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი Movement-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში რუსული კანონის მიღების შემდეგ EU რეაგირების რამდენიმე ვარიანტზე იმსჯელებს, მათ შორის, მაგიდაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც დევს. ელჩის თქმით, საქართველომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გარკვეული პირობებით მიიღო და უნდა შემოწმდეს, რუსული კანონის მიღების შემდეგ ეს დათქმები კვლავ სრულდება თუ არა.
ჰერჩინსკი ამბობს, რომ 6 თვით უვიზო რეჟიმის შეჩერებას წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა სჭირდება და გადაწყვეტილებაც მათ უნდა მიიღონ, თავად ის კი პერსონალურად ამ ნაბიჯის გადადგმას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან მიაჩნია, რომ ამით საქართველოს რიგითი მოქალაქეები დაზარალდებიან:
“ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, “გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, ეს პირობები კვლავ სრულდება თუ არა საქართველოს შემთხვევაში. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი ქვეყნები. ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი უკვე მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.