უახლოვდება თუ არა ამერიკული სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას — კონგრესში „მეგობარი აქტის“ განხილვას უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ოლიგარქს და მის დეპუტატებს ძვირი დაუჯდებათ. მათი თქმით, კონგრესში გამართული მოსმენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილს ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს.
„ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ სანქციებზე საუბარს ერიდებიან და ძირითად აქცენტს კონგრესში მიწვეულ ქართველ მომხსენებლებზე აკეთებენ. რუსული კანონის მხარდამჭერები ქვეყნის ღალატში ნატალია საბანაძეს და ივანე ჩხიკვაძეს ადანაშაულებენ, რადგან მათ „მეგობარი აქტის“ განხილვისას ამერიკელ კონგრესმენებს „ოცნების“ წევრებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.
ბიძინა ივანიშვილი, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები ამერიკული სანქციების საფრთხის ქვეშ რეპრესიული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ აღმოჩნდნენ. მანამდე, დასავლელი პარტნიორები „ოცნების“ წევრებს აფრთხილებდნენ, რომ რუსული კანონის მიღება და საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა უპასუხოდ არ დარჩებოდა.