სანქციები და სავიზო შეზღუდვები რუსული კანონის ავტორებს – აშშ-ის კონგრესში საქართველოზე იმსჯელეს | 05.06.2024

სანქციები და სავიზო შეზღუდვები რუსული კანონის ავტორებს – საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში იმსჯელეს. მომხსენებლებმა ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილზე და “ქართული ოცნების” რუსულ კურსზეკონგრესმენები ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და სხვა ავტორიტარულ მმართველებს. განხილვას კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებით, პუტინისტური კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ” ღიად განაცხადა უარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანზე. ჯო უილსონმა ისაუბრა თავდასხმებზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება ვლადიმერ პუტინსა და სხვა ავტორიტარულ მმართველებს.

„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.