ნათელაშვილის ფანჩატურს პრემიერმა კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ ქართულ ქარტიას და მასზე ხელმომწერი პარტიები შეადარა. კობახიძე თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა, რომელიც მიზნად საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლის ისახავს.
პროდასავლური პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერისთვის ორბელიანების სასახლეში მივიდნენ. პოლიტიკოსები თანხმდებიან რომ ერთი იდეით გაერთიანება ოლიგარქის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო პოლიტიკური ფორმულაა. მოგვიანებით პოლიტიკოსებთან პრეზიდენტმა შემაჯამებელი მიღება გამართა და “ქართული ქარტიის” მნიშვნელობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ირკვევა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მოწინააღმდეგეების გარდა “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა ქართულ ქარტიაზე კონსულტაციებში ჩართვისთვის, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ამის შემდეგ მიმართა ირაკლი ღარიბაშვილსაც, თუმცა ოცნების თავმჯდომარემაც უპასუხოდ დატოვა.
მეხუთე პრეზიდენტმა “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულ კანონებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ივანიშვილის გუნდის ინიციატივებს საკმარისი ყურადღება ვერ მიაქციეს. პრეზიდენტმა ანაკლიის პორტზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა რომ ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში დანის ჩარტყმაა.
პრეზიდენტის, „ქართულ ქარტიას“, ხელი 17 პოლიტიკურმა პარტიამ და ხუთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერეს. „ქართულ ქარტიას“ არ უერთდებიან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის“, ასევე იაგო ხვიჩიას„გირჩი“ და „ლეიბორისტული პარტია“.