ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი საღამოს 8 საათზე, მიღებას გამართავს, სადაც ოპოზიციური პარტიები იქნებიან მიწვეულები. სწორედ ამ ღონისძიებაზე გაირკვევა, ოფიციალურად რომელი პარტიები შეუერთდებიან ქართულ ქარტია, დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით მიმართვაც.
მანამდე კი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი “ქართული ქარტიის“ ხელმოსაწერად პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პრეზიდენტის სასახლეში მისვლა დილიდან დაიწყეს.
ორბელიანების სასახლეში მისული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დოკუმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელს დათქმების გარეშე აწერენ.
ქარტიის ხელმოსაწერად მივიდნენ: “ლელო”, “ევროპული საქართველო”, “ახალი”, “ნაციონალური მოძრაობა”, “დროა”, “გირჩი მეტი თავისუფლება”, “მოქალაქეები”, “რესპუბლიკური პარტია”, “პარტია ხალხისთვის”, და კიდევ რამდენიმე არასაპარლამენტო პარტია.
ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშივლის ინიციატივას ყველა პოლიტიკური პარტია უნდა შეუერთდეს, რადგან ქარტია კონსენსუსზე დამყარებული მთავრობის ფორმირების საშუალებას იძლევა.
დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არიან პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ერთ-ერთია ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია – „საქართველოსთვის“ . როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ პრეზიდენტთან კონსულტაცია გაიარეს, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს უერთდებიან და ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე პოლიტიკურ ვალდებულებას იღებენ. რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის.
პრეზიდენტის ინიციატივას არც საპარლამენტო ოპოზიციური პარტია ‘’გირჩი” უერთდება. იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათ “მეტი” უნდათ, ვიდრე ქარტიაა. სწორედ ამიტომ, ისინი პრეზიდენტს კონსტიტუციაზე მუშაობას სთავაზობენ, რომელიც არსებულ კონსტიტუციას ჩაანაცვლებს. კიდევ ერთი პარტია, რომელიც ამ ქარტიაზე ხელმოწერით შეერთებაზე უარს ამბობს, “ლეიბორისტული პარტია” .
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან. პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. ეს ნაიჯებია: ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება; მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა მის მიმართ; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა; საპროკურო საბჭო გაძლიერდება; საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება; ანტიკორუფციული სააგენტოსა და ეროვნული ბანკის რეფორმა.