“ქართული ოცნების” ხელისუფლება გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ეუთო/ოდირის მწვავე დასკვნის შემდეგაც ამტკიცებს, რომ ვერ მოისმინა რუსული კანონის საწინააღმდეგო არგუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ 30 გვერდიან დასკვნაში დეტალურად არის განმარტებული ყველა ის პუნქტი და მუხლი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან. ოცნების ხელისუფლება კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ემსახურება ქვეყნის დემოკრატიის დაცვას ნებისმიერი გარე ჩარევისაგან.
ეუთო /ოდირი გუშინ გამოქვეყნებულ 30-გვერდიან მწვავე ანგარიშში წერს, რომ რუსული კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლების პროპაგანდას პასუხობს და განმარტავს, რომ რუსული კანონი, მიზნებითა და ფარგლებით “ფუნდამენტურად განსხვავებულია ამერიკული ფარასგან და ავსტრალიის “საგარეო გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტისაგან.” დოკუმენტის მიხედვით,რუსული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებებსა და მედიასაშუალებებს “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად მოიხსენიებს, “არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობაში დადგენილ მკაცრ მოთხოვნებს.
“მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავდება მკაფიო მიზანსა და მასშტაბში. ეს კანონები მიემართება იმ კერძო კომპანიების ან არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციის უზრუნველყოფას, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობისტურ ძალისხმევაში უცხო ქვეყნის მთავრობების სახელით, და [ეს კანონები] სამოქალაქო საზოგადოების თუ მედიის ყველა ორგანიზაციას არ ანიჭებს უცხოეთის წარმომადგენელთა იარლიყს მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო”, – ეუთო /ოდირის დასკვნა.