საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს, პარტია „ლელოს“ მხარდამჭერს უწოდებს. კობახიძის შეფასებით, ელჩის განცხადება ანტიქართულია იმასთან დაკავშირებით რომ სანამ გამჭვირვალობის კანონი ძალში იქნება, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება. კობახიძე მიიჩნევს, რომ გერმანია ფიშერისნაირ ელჩებს საქართველოსნაირ ქვეყნებში არ უნდა გზავნიდეს.
გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული კანონით საქართველო ევროკავშირს ვერ შეუერთდება და, შესაბამისად, ვერც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება. როგორც გერმანიის ელჩმა განაცხადა, ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ 10 ქვეყანას შორის, ფაქტობრივად, ბოლო ადგილზე გადავიდა მოწინავე რიგებიდან. ამასთან, ელჩმა ისაუბრა მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეთქმულების თეორიაზე, რომლის მიხედვითაც გლობალური ომის პარტია არსებობს.
“საქართველო არის [ევროკავშირის] კანდიდატი ქვეყანა. ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, ყველა ქვეყანა მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან.
თუ გსურთ შეუერთდეთ ევროკავშირს, დააკმაყოფილეთ ჩვენი სტანდარტი. სახელმწიფოები, რომლებიც უერთდებიან ევროკავშირს, ყოველთვის ახდენენ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირებას. სწორედ ამას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა.
თუ გსურთ კავშირში შემოსვლა, მაგრამ ამავდროულად მას სულ აკრიტიკებთ და ამბობთ, რომ ის საშიშია, გლობალური ომის პარტიაა – და ეს არ არის ჩემი ტერმინი. მე არ მომწონს ეს ტერმინი. მგონია, რომ გლობალური ომის პარტია არ არსებობს – მაშინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ჩვეული ურთიერთობები? ისევ ვართ პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები? ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია – ეს არის ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.