პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან და თვლიან, რომ რუსული კანონის საბოლოოდ მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს სამიტის დღის წესრიგში ჩასვამს, რომელიც 27-28 ივნისს გაიმართება.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 28 მაისის ბრიფინგი საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ევროინტეგრაციის გზას დააშორა.
რუსული კანონის მიღებას ანტიდემოკრატული უწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციაში. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა იმედგაცრუებული არიან საქართველოს პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევით.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებისგან მკაფიოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელ იქსზე წერს რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ უგულებელყოფს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას.