ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობამ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია | 29.05.2024

ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობამ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საუბარია საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმად, ოლიგარქები ოფშორებში არსებული აქტივების საქართველოში გადმოტანას დაუბეგრავად შეძლებენ და 2030 წლამდე მათი ქონება აქ ყველა გადასახადისგან გათავისუფლდება. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით სწორედ ამ კანონთან დაკავშირებით მიმართა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სესიაზე დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას ოფშორების კანონმა საქართველოს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ცვლილებებით სანქცირების მოლოდინში მყოფი ოლიგარქი შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით, ოფშორებში გადამალულ ქონებას, წილებს და აქციებს საქართველოში შემოიტანს. მათი თქმით, ოფშორების კანონი საქართველოს რუსული შავი ფულის გათეთრების ადგილად აქცევს.

მმართველ პარტიაში კვლავ ამტკიცებდნენ, რომ სადავო ცვლილებები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ინტერესების გამო არ მიუღიათ. ივანიშვილის თანაგუნდელების თქმით, ოფშორების კანონის მიზანი მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა. თუმცა „ოცნება“ კვლავ ვერ აკონკრეტებს, როგორ მოხმარდება გადასახადები ქვეყანას, როცა ოფშორული აქტივები ყველა გადასახადისგან თავისუფლდება.

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში განსახილველად 10 აპრილს დარეგისტრირდა. დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება პაპუაშვილმა 15 აპრილს პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად მიიღო. ცვლილებებით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, ყველა შემოსავალი და სარგებელი მოგების და საშემოსავლო გადასახადებისგან თავისუფლდება. აქტივების საქართველოში გადმოტანა თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისგანაც. გარდა ამისა, 2030 წლის იანვრამდე საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივებთან დაკავშირებით, ქონების გადასახადისგანაც თავისუფლდება.