პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციურ პარტიებს. სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტია“ დამოუკიდებლობის დღეს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა. ქარტიის თანახმად, არჩევნებში „ოცნების“ დამარცხების შემდეგ, კოალიციურმა მთავრობამ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მთელი რიგი რეფორმები უნდა გაატაროს. დოკუმენტი ითვალისწინებს ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას და მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას.
„ქართული ქარტია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საპროკურორო საბჭოს რეფორმებსაც მოიცავს. მათ შორის, საუბარია სუს-ის და შსს-ს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაზე. ძალაუფლების დეკონსტრაციის მიზნით, უნდა ჩატარდეს ამ უწყებების ძირეული რეფორმა და თითოეულის საქმიანობაზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლი დამყარდეს.
დოკუმენტში, ასევე, საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომლითაც საარჩევნო სისტემა უნდა გაჯანსაღდეს. ქარტიის თანახმად, პოლიტიკური გავლენებისგან უნდა გათავისუფლდეს და დამოუკიდებლობა დაიბრუნოს ეროვნულმა ბანკმა და ანტიკორუფციულმა სააგენტომ.
პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერი პარტიები იღებენ ვალდებულებას, რომ, საპარლამენტო მანდატების მიღების შემთხვევაში, დოკუმენტში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეასრულებენ. ამის შემდეგ, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. ხელმომწერი პარტიები, ასევე, დებენ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
პრეზიდენტის შეთავაზებას, ამ ეტაპზე, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება და ხელმოწერის მზაობას გამოთქვამს. „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერენ პარტიები: „ახალი“, ენმ, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ფრაქცია „ევროოპტიმისტები“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „კანონი და სამართალი“, „მოქალაქეები“ და „ანა დოლიძე ხალხისთვის“.
პრეზიდენტის „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება მმართველ პარტიაშიც. „ქართული ოცნების“ წევრები სალომე ზურაბიშვილის დოკუმენტს „ლოკალურ ომის ქარტიას“ უწოდებენ და პრეზიდენტს თავს ესხმიან.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოსაწერად ვადა ოპოზიციურ პარტიებს პირველ ივნისამდე მისცა.