„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს და რუსული კანონის საპასუხო ზომებზე იმსჯელეს. „რადიო თავისუფლება“ წერს, რომ როგორც საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას არღვევს და კოპენჰაგენის კრიტერიუმებს არ შეესაბამება. ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური და წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ერთადერთი ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადება გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მან თქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს და მთავრობათაშორისი კონფერენცია შედგეს, რომელიც ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს.
შეხვედრამდე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს ჰკითხეს: რა დევს მაგიდაზე საქართველოსთან დაკავშირებით და რა წინადადებები არსებობს, რაზეც ბორელმა უპასუხა, რომ „საქართველოს შესახებ საკითხი არ არის დღის წესრიგის სრული პუნქტი და ეს არის მხოლოდ მინისტრების დონეზე ვითარების პირველი შეფასება“.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები გააკეთეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მათ „ქართული ოცნების“ რუსული კანონი მკაცრად გააკრიტიკეს და თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეწინააღმდეგება საკუთარი მოსახლეობის სურვილს ევროინტეგრაციის შესახებ.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა შეხვედრაზე საქართველოს შესახებ დისკუსია ხანმოკლე იყო და დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. მასში ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.