ევროკმისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძეს დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს. საუბარია კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომლითაც მთავრობის მეთაური ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას, ფაქტობრივად, სლოვაკეთის პრორუსი პრემიერ-მინისტრის ბედის გაზიარებით დაემუქრა. რობერტ ფიცოს რამდენიმე დღის წინ ესროლეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კობახიძის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ბრალდების ადრესატი და ევროპულ სტრუქტურებში „ქართული ოცნების“, ფაქტობრივად, ერთადერთი მეგობარი, ოლივერ ვარჰეი. უნგრელი ევროკომისარი ამბობს, რომ საქართველოს პრემიერმა სატელეფონო საუბრის ნაწილი საზოგადოებას დამახინჯებულად მიაწოდა.
“მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება, რომ ჩვენი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული. როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მომუშავე კომისარი, მე რეგულარულ კონტაქტზე ვარ ჩემი პორტფელის ქვეყნების მთავრობებთან, რადგან საკომუნიკაციო არხები ყოველთვის ღია უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური გაცვლებისთვის. საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაში, მე დიდ ძალისხმევას ვწევ, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება დამერწმუნებინა არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენების“ შესახებ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს გზას ევროკავშირში. რადგან კარგად მაქვს გაცნობიერებული საქართველოს საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული სენტიმენტები. სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე პრემიერს ყურადღება მიექცია საჭიროებაზე, რომ ამ კანონის მიღებით, არ უნდა გამწვავდეს ისედაც მერყევი სიტუაცია, რასაც შეუძლია გამოიწვიოს უფრო ღრმა პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარება. ამასთან დაკავშირებით, მაგალითად მოვიყვანე უკანასკნელი ტრაგიკული გამოცდილება სლოვაკეთში, როგორც დემონსტრაცია იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში. კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არამხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რომ მას შეეძლო ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია გამოეწვია. მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი. მე ამას ვთხოვ, როგორც საქართველოს კარგად ნაცნობი და პატივსაცემი მეგობარი. მე კვლავ ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე”, – ოლივერ ვარჰეის პასუხი კობახიძეს.
გუშინდელ განცხადებაში კობახიძე წერდა, რომ უცხოელი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღების გამო ღიად აშანტაჟებენ. ამ კონტექსტში კობახიძემ თქვა, რომ მას ერთ-ერთი ევროკომისარი რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. პრემიერმა თქვა, რომ სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია პრევენციის მიზნით გაავრცელა და ე.წ. „შანტაჟში“ ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა. კობახიძის თქმით, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი კიდევ ერთხელ შეახსენებს ქართულ საზოგადოებას, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.