საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაცია მისი გადადგომის შესახებ პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შოთაძემ ირწმუნება, რომ თანამდებიდან ვადაზე ადრე წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობაა. შოთაძის თქმით, მკურნალობის პროცესს გადის და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. ის წერს, რომ პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა.
“მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად”, – წერს ირაკლი შოთაძე.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი 2015 წელს გახდა, 2018 წლის 31 მაისს კი მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს საპროტესტო აქციები მოჰყვა. ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად მეორედ 2020 წლის 18 თებერვალს აირჩიეს. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
შოთაძის გადადგომის შემდეგ გენერალური პროკურორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე ასრულებს.