ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა | 23.05.2024

ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა. ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ, სტრასბურგში განაცხადი ჰქონდა შეტანილი, რომელიც დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეებს შეეხებოდა. საჩივარში სააკაშვილი უთითებდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს. ამასთან, ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მოსამართლე, რომელმაც საქმე პირველი ინსტანციის საქმეზე განიხილა, არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

“სასამართლო ასკვნის, რომ მოსამართლე, რომელმაც განიხილა განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი გამოტანა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2018 წლის 5 იანვარს, არ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა”, – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.

სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, ადგილი არ ჰქონია არც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას. ევროსასამართლომ ასევე არ დაუშვა საჩივარი, რომელიც შეტანილი იყო მე-18 მუხლის  საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი ჩიოდა, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან და ხელისუფლება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმს იყენებს.

“განმცხადებელს არ შეუძლია პრეტენზია გამოხატოს, რომ მას არ შეეძლო გაეგო მისი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი, რომელიც გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილების მართლმსაჯულების გარკვევის მიზნით. განმცხადებელს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ მისი საქციელი მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას”, – ევროსასამართლოს გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, მოსამართლეების აზრი გაიყო. ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ორმა კი განსხვავებული აზრი გამოთქვა და ხმა მისცა სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.