“ოცნება” რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალსიწინებას არ აპირებს | 22.05.2024

“ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსულ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალსიწინებას არ აპირებს. ვენეციის კომისიას, რომელიც რუსული კანონპროექტის გაწვევის “მკაცრ რეკომენდაციას” გასცემს, – მმართველი პარტია პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდი ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს, ფაქტების დამახინჯებაში, მანიპულაციურ მიდგომებსა და საქართველოში საპროტესტო მუხტის გაღვივების მცდელობაში ადანაშაულებს. “ხალხის ძალის” დეპუტატი , გურამ მაჭარაშვილი უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა რომ ვენეციის კომისიას რეპუტაციულად ასე შელახული დასკვნა აქამდე არ დაუწერია. “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამბობს, რომ ვერც ვენეციის კომისიისგან მოისმინა დასაბუთებული და სამართლიანი არგუმენტები თუ რატომაა კანონი რუსული.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფა ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟია. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ რეკომენდაციები საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების იდენტურია და კანონის ძალაში შესვლა ქვეყანას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს. ოპოზიციაში ამბობენ რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, ძალიან იშვიათია.

დასკვნის გამოქვეყნებამდე „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო ვენეციის კომისიის გამოქვეყნებამდე დაადო, რითიც ის სამართლებრივ შენიშვნებს არ დაელოდა. კომისიის კრიტიკული ანგარიშის შემდეგ კი სახელისუფლებო პარტია ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით არასამართლიანი რეკომენდაციები გასცა და რადიკალები წაახალისა. საერთაშორისო პარტნიორებისა და მასშტაბური საპროტესტი აქციების ფონზე ქართული ოცნების უმრავლესობამ მესამე და საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო რუსული კანონი.

18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა კანონს ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. პრეზიდენტის თქმით, ეს კანონი „რუსულია’’ და წინააღმდეგობაში მოდის როგორც ქვეყნის კონსტიტუციასთან, ისე ევროპულ სტანდარტთან. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია. არსებობს მოლოდინი რომ ქართული ოცნება პრეზიდენტის ვეტოს მომდევნო 28–31 მაისს სასესიო კვირაში დაძლევს.