ვენეციის კომისია რუსული კანონის გაწვევის მკაცრ რეკომენდაციას გასცემს. ამის შესახებ კომისიის გადაუდებელ მოსაზრებაშია ნათქვამი, რომელიც გუშინ ღამით გასაჯაროვდა. კრიტიკულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შეზღუდვები, რომელსაც რუსული კანონი აწესებს, არ აკმაყოფილებს კანონიერების, ლეგიტიმურობის, პროპორციულობის და აუცილებლობის მოთხოვნებს. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სუბიექტების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ“ ორგანიზაციად გამოცხადება ძირს გამოუთხრის როგორც ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას, ისე მის სანდოობას.
“ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს (საქართველოს პარლამენტს) კანონის ამჟამინდელი ფორმით გაუქმებას, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე, კონფიდენციალურობის უფლებებზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. რთული რეგისტრაციისა და ანგარიშგების (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების) მოთხოვნა, რაც ზღუდავს სტიგმატიზებული ორგანიზაციებისთვის ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომას, ამასთან ამას შეიძლება, მოჰყვეს მძიმე ადმინისტრაციული ჯარიმები, მუდმივი თვალთვალი – ერთობლიობაში, უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციების ეფექტიან მუშაობასა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზებული დაბრკოლებები მსუსხავ ეფექტს ქმნის.
ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას რეგისტრაციის, მოხსენებისა და საჯარო გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვის და უცხოური მხარდაჭერის მქონე მაუწყებლებისთვის, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ სახელმწიფოს ანგარიში დაფინანსების წყაროების შესახებ. კანონპროექტში არ არის მოცემული დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები არასაკმარისია, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობირების) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა არ იქნება ადეკვატური.
ამ კანონს, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის დასახელებული მიზნის ქვეშ, სტიგმატიზების, გაჩუმებისა და, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურების ობიექტური ეფექტი აქვს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების თუნდაც მცირე ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. ძლიერი რისკია შექმნილი, რომ ორგანიზაციები და მედია, რომლებსაც [ეს კანონი] შეეხება, იქნებიან ისინი, ვინც მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, – ვენეციის კომისია რუსულ კანონზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას რუსული კანონი 15 აპრილს გაუგზავნა. მან ითხოვა კომისიას დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა „ქართული ოცნების“ სადავო კანონპროექტი ევროსაბჭოს სტანდარტებს.