გამოცემა “პოლიტიკოს” ინფორმაციით კონგრესში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის ავტორების და მხარდამჭერების სანქცირებას ითვალისწინებს, ასევე შეიცავს შეთავაზების პაკეტს ქართველი ხალხისთვის. “პოლიტიკოს” ინფორმაციით, აშშ განიხილავს ძირითად სამხედრო, სავაჭრო პაკეტს საქართველოსთან მიმართებაში, თუ ქვეყნის ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. გამოცემის აზრით, ამ სტიმულებმა სამხრეთ კავკასიის ქვეყანას უნდა უბიძგოს თავისუფალი არჩევნების გარანტირებულად ჩატარებისკენ მთავრობის მიერ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონმდებლობის გამო საყოველთაო აღფშთების შემდეგ.
ვაშინგტონს შეუძლია ხელი მოაწეროს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მისი მთავრობა მიატოვებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.
სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ კონგრესში ამ კვირაში წარდგენილი კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელიც Politico-მ ნახა, აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, იმ პირობით, თუ საკვანძო პოლიტიკური კრიტერიუმები დაკმაყოფილებული იქნება.
“ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მოითხოვს.
ის ასევე ავალდებულებს ოფიციალურ პირებს შეიმუშაონ საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს „უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის უზრუნველყოფას, რომელიც იდეალურად შეეფერება რუსეთის აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და თანმხლები წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და ოპერაციების მხარდაჭერის ელემენტებს“.
თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის გამყარების მიმართულებით, რაც დასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი”, – POLITICO-ს სტატია.
“ქართულმა ოცნებამ” პასუხი მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს გამოაქვეყნა. პარტნიორების შეთავაზებას ქართული ოცნება გამოქვეყნებულ წერილში შანტაჟს უწოდებს, რადგან კანონპროექტი დაპირებებთან ერთად სანქციებსაც შეიცავს მათ მიმართ, ვინც რუსულ კანონს მხარს უჭერს. ოცნება განცხადებაში კვლავ იმეორებს, თითქოს 2020 წლიდან მოყოლებული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ორჯერ ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას და ამით ასაბუთებენ რუსული კანონის მიღების საჭიროებას. ოცნება საქართველოსთვის ეკონომიკის და თავდაცვის ყოვლისმომცველი პაკეტის და ვიზალიბერალიზაციის შეთავაზებას ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებებს უწოდებს და აშშ–ს ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენისკენ მოუწოდებს.
“ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.
საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, ენჯეოებმა 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა” – „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება.