სარეკლამო სააგენტო “ლიმონის” დამფუძნებელს და ანტირუსული აქციების მონაწილეს, გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო. მოსამართლის განმარტებით, საქმეში ვიდეომასალა, და ნარკოტიკებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები არსებობს. ანტირუსული აქციის მონაწილე პოლიციამ 15 მაისს სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავა.
დაცვის მხარეს ოკმელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სურდა, თუნდაც ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით. დაცვის მხარის ინფორმაციით ვიდეო მტკიცებულება კონტექსტიდან ამოგლეჯილია და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას ქონდა ადგილი. ადვოკატ ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და ეს იყო საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა.
პროკურატურა გიორგი ოკმელაშვილს 13 მაისის ანტირუსულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. პოლიციამ მცირე რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება სარეკლამო სააგენტო „ლიმონის“ დამფუძნებლის, სახლის ჩხრეკისას ამოიღო. დანაშაული 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.