შეეცდება თუ არა შარლ მიშელი საქართველოში მოლაპარაკებების პროცესის წამოწყებას | 16.05.2024

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში სიტუაციის განმუხტვის გზების მოძებნის ინიციატივით გამოდის მას შემდეგ, რაც გუშინ საღამოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. სატელეფონო საუბრების შემდეგ შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც არის მინიშნება, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი უნდა გაიმართოს.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განვიხილე ახლანდელი ვითარება საქართველოში, რის შემდეგაც პრემიერ ირაკლი კობახიძეს დავურეკე. ხელახლა აღვნიშნე, რომ სრულად მხარს ვუჭერ ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას, მათ შორის ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების მოძებნაში დახმარებით”, – შარლ მიშელი.

შარლ მიშელის პოზიციას სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა. განსაკუთრებით წინადადებას იმის შესახებ, რომ ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილები უნდა დაკმაყოფილდეს. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა შარლ მიშელს ეკითხება, თუ რას ნიშნავს ეს წინადადება და რა არის “ქართული ოცნების” წუხილი. ევროპარლამენტარის აზრით, ევროკავშირმა ქართველი ხალხის ლეგიტიმური წუხილები უნდა გაიზიაროს მათი ევროპული მომავლის შესახებ და არა ქართული ოცნების. შარლ მიშელს შეახსენეს, რომ ამ სიტუაციაში არ არსებობს რამდენიმე მხარე. არსებობს რუსი ოლიგარქი და “ქართული ოცნება”, რომელიც რუსულ კანონს იღებს, მეორეს მხრივ კი თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის.
შარლ მიშელის განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები „ქართულ კოშმარს“ ანუ „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მოდიფიცირებაში არ უნდა დაეხმარონ.

შარლ მიშელს ტვიტერის მომხმარებლებმა შეახსენეს, რომ საქართველოში ამჟამად ავტორიტარიზმსა და დემკრატიას შორის ბრძოლა მიმდინარეობს და ევროკავშირის პოზიცია ადეკვატური უნდა იყოს.

რას ნიშნავს შარლ მიშელის განცხადება და შეეცდება თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში მოლაპარაკებების პროცესის წამოწყებას უცნობია. საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ოცნებას კანონზე ვეტოს დადების შემდეგ მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნოს და სახის შენარჩუნებაში დაეხმაროს. შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს კომენტარი აღარ გაუკეთებია.