ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირის და 14 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოში რუსული კანონის მიღების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა „საგანგაშო და რეპრესიული“ ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ.
“მეგობრებისგან და მოკავშირეებისგან შეშფოთების არაერთი გამოხატვის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ გამოცხადებულ დასავლურ ინტეგრაციის მიზანთან. როგორც ევროატლანტიკური კანონმდებლებს, გვესმის, რომ პარლამენტის როლია თავისი ხალხის სურვილი ასახოს, ქართველებმა ერთმნიშვნელოვნად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან, დემოკრატიულ პრინციპებთან შეუსაბამო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონი ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას ასახავს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. პატივცემული ქართული ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI Georgia), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაცია (GYLA), ცენტრალურ როლს ასრულებენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ გზაზე. ეს კანონი სრულიად ეწინააღმდეგება ასეთ ღირსეულ ძალისხმევებს და სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე – ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე – პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინაიდან მათი ლიდერობა და საქართველოს ხედვა ნამდვილი პატრიოტიზმის მაგალითია, რაც მკვეთრად განსხვავდება პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრის დროს რუსეთის მოკავშირეები გახდნენ. არასდროს არ მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც მშვიდობიანი წინააღმდეგობით მამაცად აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი ურყევი ერთგულება, ასევე არ ვიყოყმანებთ მათი პასუხისგების საკითხის დაყენებაზე, ვინც ჩართულია ამ რუსული სტილის კანონის ამოქმედებაში და არაძალადობრივი დემონსტრანტების სასტიკად მიზანში ამოღებაში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის. ქართველ ხალხს ჩვენ ვეუბნებით: მარტონი არ ხართ”, – ევროპელი პარტნიორები რუსულ კანონზე.
საერთო განცხადება ინიცირებულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბენ კარდინის მიერ. ხელმომწერებს შორის არიან ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.