პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსულ კანონს ვეტოს დაადებს და „ოცნების“ სახის გადასარჩენად ყალბ და ხელოვნურ მოლაპარაკებებში არ შევა. პრეზიდენტის თქმით, ეს იქნება მხარდამჭერი გზავნილი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თვეზე მეტია რუსულ კანონს ქუჩაში მშვიდობიანად აპროტესტებენ.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ განაგრძობს სვლას სახიფათო კურსით, მაშინ საქართველო სერიოზული რისკის წინაშე დადგება. მისივე თქმით, არ უნდა იყოს ილუზია, რომ კოსმეტიკურმა შესწორებებმა, შესაძლოა რუსული კანონი დემოკრატიასთან ან ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისი გახადოს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ „ოცნების“ მიერ რეინიცირებული კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა, რაზეც პარტნიორებს რეაქცია აუცილებლად ექნებათ.
ერთობლივ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. მან თქვა, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ ეს არის კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის.