ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელი და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ერთობლივი განცხადებით რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურებიან. გავრცელებული განცხადებით ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, უკან გაიწვიონ კანონი. ევროპელი პარტნიორები იმეორებენ, რომ ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს.
“დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებსა და ჟურნალისტებზე, ასევე მათ ოჯახებზე დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადადგმული იქნება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული შესაბამისი 9 ნაბიჯი. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე როგორც მედიას, შეეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. ისინი ასევე ეხება დეპოლარიზაციის აუცილებლობას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ამის მიუხედავად, და დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ცალსახა მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ეს ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ როცა გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილისა და ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი გზის ფარგლებში. ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს კანონი, დაიცვან ევროკავშირის გზისადმი ერთგულება და გააგრძელონ აუცილებელი რეფორმები, რომლებიც აღწერილია 9 ნაბიჯში”, – ჯოზეპ ბორელის და ოლივერ ვარჰეის განცხადება.