აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა წუხელ გამართულ პრესკონფრენციაზე ცალსახად თქვა, რომ თუ კანონი არსებული ფორმით დამტკიცდება, მაშინ შტატების მხრიდან იქნება შეზღუდვები პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების მიმართ. საუბარია ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებზე.
ირაკლი კობახიძემ, რომელიც გუშინ ბრიფინგამდე ო ბრაიენს 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა, ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ო ბრაიენს მასთან სანქციებზე არ უსაუბრია. კობახიძე კმაყოფილია იმით, რომ პარლამენტმა კანონი მიიღო.
თუმცა, ოპოზიცია თვლის, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ცვლილების გამო „ოცნებას“ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. მათი თქმით, სანქციები ოლიგარქს, მის დეპუტატებს და დეპუტატების ოჯახის წევრებს მალე დაუწესდებათ.
დაანონსებული სანქციების შემდეგ, „ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტნიორების მხრიდან გარკვეული შეზღუდვების დაწესების არ ეშინიათ. ივანიშვილის პარტიის წევრები ჩვეულ რიტორიკას იმეორებენ და სანქციებზე საუბარს დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოს გუშინ ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ის, ასევე, შეხვდა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის შემდეგ, პრემიერი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ჯიმ ობრაინს სანქციების შესახებ მისთვის არაფერი უთქვამს. თუმცა რამდენიმე საათში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა პრესკონფერენციაზე რუსული კანონის ავტორების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება დააანონსა.