„ქართული ოცნების“ რუსული კანონის გამო საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა არ წყდება. სადავო კანონპროექტის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენში გამართულ დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ ზრახვებს ნათელი უნდა მოჰფინოს და თუ მათი მიზანი ევროკავშირის წევრობაა, მაშინ პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის ფუნდამენტურ უფლებებს.
“მინდა გულწრფელი ვიყო, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორეც, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უმრავლესობა არ იყო, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დარწმუნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო. და რამდენიმე კვირაში თვალს ვადევნებთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა რომ ვეტოს უფლება აქვს. ამასთან, თვალს ვადევნებთ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი კონტაქტში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს”, – შარლ მიშელი რუსულ კანონზე.
საერთაშორისო პარტნიორები ივანიშვილის პარტიას რუსულ კანონის მოწინააღმდეგეების რამდენჯერმე დარბევის გამოც აკრიტიკებენ. მათ შორის არიან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასი და ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსს Freedom House. ორგანიზაცია გმობს რუსულ კანონის რეინიცირებასა და დემონსტრანტებზე ძალადობას. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ნიკოლ ბიბინსმა გაავრცელა. განცხადებაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებაზეცაა საუბარი.
“ჩვენ აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდ ბრიტანეთს კოორდინირებული მოქმედებისკენ მოვუწოდებთ, რათა შეჩერდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება, შეაფასოს ინიცირებული კანონი და მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. სამგზავრო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახის წევრებზე, თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე. ეს საქართველოს დააკავშირებს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთის და ყირგიზეთი – ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას ქართული ოცნების მიმართ: დაუყოვნებლივ გააუქმოს შემოთავაზებული კანონი. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ მუქარებითა და თავდასხმებით ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ჟურნალისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე და მათ ოჯახებზე თავდასხმას. ასეთი რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის”, – Freedom House.