სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისთვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. შეხვედრაზე პრეზიდენტმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყველა იმ კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზა შეეწინააღმდეგება, ვეტოს დაადებს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, „ევროპული მომავლისთვის თავგანწირვით მებრძოლმა ქართველმა ხალხმა“, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციამ რუსულ კანონს შემაშფოთებელი უწოდა, რომელიც „ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას“. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენა. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზეც, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს.
5 ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა ივანიშვილის პარტიამ. ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ როთის თქმით, საქართველოს მთავრობამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა და საერთაშორისო პარტნიორებს მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ უმასპინძლა. ისიც არა პარლამენტში, არამედ „ოცნების“ ცენტრალურ ოფისში. მიხაილ როთი სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.