დემონსტრანტებმა ამ შეძახილებით შეაცილეს ქართული ოცნების დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში. მას შემდეგ, რაც გამთენიისას სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია დაარბია და ოცნების დეპუტატებს პარლამენტის შესასვლელი ჩიტაძის ქუჩის მხრიდან გაუთავისუფლა, აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს გადაინაცვლეს და იქ მდებარე ჭიშკრიდან ადევნებდნენ თვალყურს პარლამენტის შიდა ეზოში დეპუტატების გამოჩენას.
იმისათვის, რომ დეპუტატები მომიტინგეებს ვერ დაენახათ, ჭიშკრის შიგნით სახანძრო მანქანა დააყენეს. ვიზუალური ბარიერის მიუხედავად ავტომობილების შიდა ეზოში შესვლა ნაწილობრივ მაინც მოჩანდა.
სპეცრაზმით გარშემორტყმულ პარლამენტში ოცნების დეპუტატებმა რეკორდი დაამყარეს – კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონი 67 წამში განხილეს და კენჭისყრით დაამტკიცეს.
კომიტეტის სხდომას მხოლოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები და მისი სატელიტი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია ეწსრებოდა.
ოცნებამ კანონპროექტი მესამე მოსმენით ისე მიიღო, რომ კომიტეტის სხდომაზე არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ იმყოფებოდა. პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ მოახერხეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტის შესასვლელთან პოლიციელებმა სპეციალურად შეაყოვნეს. ოპონენტების თქმით, კომიტეტის სხდომა, სადაც რუსული კანონი მე-3 მოსმენით მიიღეს, არალეგიტიმურია.
რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა ხვალ, 14 მაისს, პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. პლენარული სხდომაც მოქალაქეების პროტესტის ფონზე ჩაივლის.