სახელმწიფო გადატრიალების მორიგი ბრალდება მტკიცებულებების გარეშე. სუს-ი ირწმუნება, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური ჯგუფები საქართველოში არეულობის მოწყობას გეგმავენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამის შესახებ წერილობითი განცხადება დღეს გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები სამთავრობო შენობების ბლოკირებას, გზების პარალიზებას და სპეცრაზმელებზე თავდასხმებს გეგმავენ. სუს-ი მტკიცებულებების გარეშე გავრცელებულ ინფორმაციაში შეეცადა იმის დამტკიცებასაც, რომ ე.წ. „ძალადობრივ ქმედებებში“ უკრაინაში მებრძოლები ქართველები ჩაერთვებიან.
“დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას”, – სუს-ის განცხადება.
სუს-ის განცხადებას წინ უძღოდა სამთავრობო ტელევიზიების მიერ გავრცელებული ე.წ. „ფარული ჩანაწერები“, რომლებშიც, სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ. ჩანაწერის მიხედვით, რომლის ავტენტურობაც დადგენილი არ არის, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები პროტესტის სხვადასხვა ფორმაზე მსჯელობენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაზე საუბრობს. 2014 წელს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, რისთვისაც პარტია საბურავების შეძენას აპირებდა. ისევე, როგორც დღეს, მაშინაც „ოცნების“ პროპაგანდა ოპოზიციის მხრიდან საქართველოში „ევრომაიდნის“ გამეორებაზე აპელირებდა. თუმცა, მაშინ, სუს-ის მოლოდინი არ გამართლდა და პროცესები რევოლუციური სცენარით არ განვითარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების შეთქმულებით დამხობის მუხლით გამოძიება 2021 წელსაც დაიწყო. სუს-ი მაშინ ამტკიცებდა, რომ საქმის ფიგურანტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #8 სასჯელაღასრულების დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით მისასვლელი გზების, სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას გეგმავდნენ. უწყებამ მტკიცებულების სახით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩაწერილი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ წევრი ბესო წერედიანი, დავით მახარაძე და გიორგი შერვაშიძე ფიგურირებდნენ. სუსის ინფორმაცია არც ამ შემთვევაში გამართლდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო გამოძიება 2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებული ადამიანების წინააღმდეგაც. 8 მარტს, ღამით, სახლში სპეცრაზმი შეუვარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ბესო გაზდელიანს. მის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იყო დაწყებული.
ბოლო პერიოდში, სუს-მა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა. მაშინაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებდა, რომ „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იგეგმებოდა“. თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველოში პროცესები რევოლუციური სცენარით არც 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში განვითარებულა.