საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს – ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს | 07.05.2024

30-ზე მეტი ევროპარლამენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ევროდეპუტატების მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილში ასევე ნათქვამია რომ გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს დაფინანსების საკითხიც. ევროპარლამენტარების თქმით, ქართული ოცნების “რუსული სტილის” კანონის გატანის აგრესიული მცდელობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებამ ზღვარი გადალახა და პოლარიზაცია გაზარდა.

“საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათ მიერ უცხოური აგენტების შესახებ რუსული სტილის კანონის გატანის აგრესიული მცდელობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებამ გადალახა ზღვარი. ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელთა გადადგმაზეც საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მტკიცე პოზიცია და შემდეგი ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას. პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის “ქართული ოცნების” ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს, ამიტომ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. მესამე, საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელების შესახებ უნდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე”, – ევროპარლამენტარების მიმართვა ჯოზეფ ბორელს.