ვლადიმერ პუტინის რიგით მეხუთე საპრეზიდენტო ინაუგურაცია კრემლის დიდ დარბაზში | 07.05.2024

კრემლის დიდ დარბაზში ვლადიმერ პუტინის რიგით მეხუთე საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართა. პუტინმა, საპრეზიდენტო პოსტი პირველად 1999 წელს დაიკავა, მას შემდეგ მხოლოდ 4 წლიანი წყვეტა ჰქონდა – 2008-2012 წლებში ის პრემიერ მინისტრი იყო, მანამდე და მას შემდეგ კი მუდმივად საპრეზიდენტო პოსტს იკავებს.

ამ წლის მარტში პუტინმა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც ომის, ცენზურის, რეპრესიების, ოპოზიციის განადგურების, მედიაზე კონტროლის ფონზე ჩატარდა და ოფიციალური მონაცემებით ხმების 87%–ზე მეტი მიიღო.
პუტინის ინაუგურაციის მეხუთე ცერემონია თითქმის არაფრით განსხვავდებოდა 2018 წლის ცერემონიისგან.
ის ცერემონიალზე კრემლის დიდი სასახლის გეორგიევსკის დარბაზში კრემლის პირველი კორპუსიდან, საკუთარი კაბინეტიდან ლიმუზინით წავიდა. მან კონსტიტუციაზე ფიცი დადო და შემდეგ სიტყვით გამოვიდა.

პუტინმა საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ სახელმწიფო სისტემა მოქნილი უნდა გახდეს, თუმცა უნდა უზრუნველყოს განვითარების სტაბილურობა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც მარტში გაიმართა, პუტინმა მილიონების კონსოლიდირებული ნება და კოლოსალური ძალა უწოდა. პუტინმა მადლობა უთხრა რუსეთის ყველა რეგიონის მოსახლეობას და რუსეთის ე.წ. ისტორიული მიწელის მოსახლეობას, რომელმაც მისი თქმით, სამშობლოსთან ყოფნის უფლება მოიპოვა. პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები იგულისხმა. ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინასთან ომში მონაწილეებს, რომელსაც კვლავ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა.

პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთთან დიალოგზე უარს არ ამბობს.

დასავლეთში რუსეთის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს არათავისუფალს და არასამართლიანს უწოდებენ. აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ბევრი ევროპული ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა პუტინის ინაუგურაციაზე საკუთარი წარმომადგენლის გაგზავნაზე. ევროპარლამენტმა არჩევნების შედეგებს არალეგიტიმური და არადემოკრატიული უწოდა და ევროკავშირს მოუწოდა პუტინი უკანონო პრეზიდენტად აღიარონ.
პუტინის ინაუგურაციას რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი მაინც ესწრებოდა. ესენია საფრანგეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, საბერძნეთი, მალტა და კვიპროსი.
ცერემონიის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ პუტინი ქუჩაში გავიდა, სადაც პრეზიდენტის პოლკის აღლუმი ჩაიბარა.

აღლუმის შემდეგ ისევე, როგორც 2018 წელს, ის კრემლის ხარების ტაძრის სამლოცველოში მივიდა, სადაც საზეიმო წირვა–ლოცვა თავად პატრიარქმა კირილმა ჩაატარა.
წირვის ბოლოს კირილმა პუტინს მიმართა და ფაქტიურად კურთხევა მისცა მას იმ მსხვერპლზე, რომელიც მისი თქმით ქვეყნის სასიკეთოდ აუცილებელია.

პუტინის ინაუგურაციის დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა ციხეში მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ქვრივმა. იულია ნავალნაიამ ყველას შეახსენა, რომ წინა საპრეზიდენტო ვადაში პუტინმა საპენსიო ასაკი გაზარდა და უკრაინაში შეიჭრა, რამაც არა მხოლოდ ადამიანების სიკვდილი, არამედ რუსეთის იზოლაცია გამოიწვია, ქვეყანაში კი რამდენიმე ასეული პოლიტპატიმარი გაჩნდა, რომლებიც არაადამიანურ პირობებში არიან.