საქართველოს პარლამენტში ისევ „უსაფრთხოების ყვითელი დონე” მოქმედებს. მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში დღესაც ვერ შევიდნენ პარლამენტის ინფორმაციით, 3-4 მაისს, „ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა” და „შენობაშიმხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები”დაიშვებიან.
აქამდე ყვითელი დონის დროს პარლამენტის შენობაში მხოლოდ სატელევიზიო მედიის წარმომადგნელებს უშვებდნენ თუმცა, 3 და 4 მაისს პარლამენტში ვერც აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ შესვლას.
1 მაისის ღამიდან 2 მაისის დღის 14:00 საათამდე საქართველოს პარლამენტში გამოცხადებული იყო „უსაფრთხოების წითელი დონე”, რის გამოც ბიუროს და პლენარული სხდომები არ ჩატარდა. გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, გადაიდო საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენაც, რომელიც “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო დაგეგმილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანების საფუძველზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო „უსაფრთხოების ყვითელი დონის” რეჟიმში მას შემდეგ შემოიღეს, რაც თბილისში რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.