კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან სატელეფონო საუბარის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს | 03.05.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარის შინაარსზე განცხადებას ავრცელებს. კობახიძე ამბობს, რომ შოლეს საქართველოში „ორი რევოლუციური მცდელობის“ შესახებ ელაპარაკა. ამ განცხადებაში კობახიძე ისევ აკრიტიკებს საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს და საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

“ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა. ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-2023 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა. ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო.
დერეკ შოლემ პლატფორმა X-ზე წუხელ დაწერა, რომ კობახიძეს საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გადასცა”, – წერს ირაკლი კობახიძე.

“პრემიერ-მინისტრ კობახიძეს განვუცხადეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მუშაობას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს”, – დერეკ შოლე.

“ქართული ოცნების” მეირ პარლამენტში რეინიცირებული რუსული კანონის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება და კანონის გაწვევა მოითხოვეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.