რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ კრემლის მიერ შთაგონებული კანონი საქართველოს დასავლურ ტრაექტორიას საფრთხის ქვეშ აყენებს და საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან.
“საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს. მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას – რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ – არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება”, – აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი.
თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საფრანგეთის საგარეო უწყება. საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.
„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, – საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.
გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში: “ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ და ხმამაღლა აფიქსირებენ თავიანთ სურვილს გახდნენ ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრები. მათი ხმა გაგონილ უნდა იქნეს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული”, –ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში გნავითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ ასევე ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა,სენატორი ჯიმ რიში და ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი. ევროპარლამენტარი მოუწოდებს ევროკომისას შეუჩეროს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეამციროს ეკონომიკური დახმარება.