გუშინდელი მრავალათასიანი აქციისა და დარბევის შემდეგ დღეს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს. რის გამოც დღეს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი ბიუროსა და პლენარული სხდომები გაუქმდა. პარლამენტის შენობაში 14:00 საათამდე – უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებდა, შემდეგ კი ის ყვითელი დონით ჩანაცვლდა. უსაფრთხოების წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. ამჟამად პარლამენტში ყვითელი დონე მოქმედებს, რა დროსაც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები.
პარლამენტის მიერ გავრცხელებული ინფორმაციით 1 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად პარლამენტის სასახლეში დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები“ მიმდინარეობს.
პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენაც გადაიდო. დარჩიაშვილის მოსმენა პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იყო დაგეგმილი.
“ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონს გუშინ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. სხდომის პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი და მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობდა. ბოლო ორი დღეა ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს იყენებს.